მაია ბითაძის განცხადება

გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა შოვის ტრაგედიას და აღნიშნა, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებით დეზინფორმაცია კვლავ ვრცელდება. როგორც მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შვეიცარიელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ქართველი გეოლოგების პირველად დასკვნაში გამოქვეყნებული ყველა ძირითადი ასპექტი და პასუხი გაეცა ყველა იმ კითხვას, რაც საზოგადოებას ჰქონდა. როგორც ბითაძემ აღნიშნა, წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ჰქონია, ასევე ხე-ტყის უკანონო ჭრა სტიქიის გამომწვევ მიზეზად არ სახელდება, კაპიტალური დამცავი ნაგებობაც სტიქიის კონკრეტულ შედეგებს ვერ აგვარიდებდა და ამასთან ერთად, ბითაძემ ყურადღება გაამახვილა გაფრთხილების სისტემებზე. ბითაძე ასევე აღნიშნავს, რომ შვეიცარიელი ექსპერტების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს სახელმწიფო გაითვალისწინებს.