გუბაზ სანიკიძის განცხადებით, „პოლიცია პოლიტიკური მიკერძოებით გამოირჩევა და მათ შემდეგი ხელისუფლება დასჯის“. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დიდი რეფორმაა მოსალოდნელი. მისივე განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა, პოლიციას ჩამოერთმევა დაუსაბუთებელი ქონებაც.
ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას მუქარას უწოდებს ოპოზიციის ნაწილი და მის რიტორიკაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს. ცალკეული ოპოზიციონერები კი მიიჩნევენ, რომ პოლიციელების ნაწილმა საპროტესტო აქციების დროს კანონი დაარღვია და პასუხი მხოლოდ კანონის შესაბამისად უნდა აგონ, ამიტომ, გუბაზ სანიკიძისგან დამატებითი განმარტებების გაკეთების მოლოდინი აქვთ. მმართველი გუნდი კი გუბაზ სანიკიძის განცხადებას ერთის მხრივ არასერიოზულს უწოდებს, მეორეს მხრივ კი პოლიციელების დაშინების მცდელობას ხედავს.