საქართველოში ორდღიანი ვიზიტით მყოფი ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი, მიროსლავ ლაიჩაკი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ეუთო-ს თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთო-ს ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა პრესკონფერენციაც გამართეს, რა დროსაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სლოვაკეთის განვითარების ფონდიდან ზუგდიდში ახლად აშენებული სკრინინგ-ცენტრის ტექნოლოგიური აღჭურვისთვის 39 ათასი ევრო გამოიყო.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის, რომ ზუგდიდში სკრინიგ-ცენტრის სერვისებით სარგებლობას, მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, როგორც რეგიონში, ისე ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს.