მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დასადგენად, გამოძიება გრძელდება
ორი დღის წინ მინდელის შახტში მომხდარი ტრაგედიის მიზეზების დასადგენად, გამოძიება გრძელდება. პარალელურად, ტყიბულში მოკვლევას სპეციალური ჯგუფი აწარმოებს. მინდელის სახელობის შახტში შემთხვევის ადგილი შრომის ინსპექტორებმა და ეკონომიკის სამინისტროს ზედამხედველობის სააგენტოს სპეციალისტებმა დაათვალიერეს.

დღესვე საავადმყოფოდან გამოწერეს ერთი დაშავებული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაშავებული მეშახტე, მურმან აშოთია მომხდარის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი უსაფრთხოების ნორმების დარღვევა არ ყოფილა. ის ვარაუდობს, რომ მომხდარი სამთო დარტყმას უკავშირდება. მეორე დაშავებული  55 წლის გიორგი ნიქაბაძე კი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

მედიკოსების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.