კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეებისა და ქართველი ემიგრანტების პირადი ბიბლიოთეკები და სხვა მემორიალური ნივთები ერთიან სივრცეში განთავსდა. ახალ საექსპოზიციო დარბაზში დამთვალიერებელს საშუალება ექნება, იხილოს და გაეცნოს ივანე ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის, ელენე მეტრეველის, ნიკო ბერძენიშვილის, შალვა ამირანაშვილის, ისიდორე დოლიძის, სიმონ ჩიქოვანისა და სხვა პირთა მოღვაწეობის ისტორიას.
ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სტუმრობდა. მიხეილ ჩხენკელმა ახლად რეაბილიტირებულ საგამოფენო სივრცეში სრულიად ახალი სახით წარმოდგენილი მემორიალური კაბინეტები დაათვალიერა.