მეგის ქარდავას სასამართლო პროცესი

ბრალდებული მეგის ქარდავა სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. ბრალდებულმა დღევანდელ პროცესზე სერგო თეთრაძის წამების საქმის განმხილველი მოსამართლეების აცილება მოითხოვა და სასამართლო შემადგენლობას შეურაცხყოფა მიაყენა. მოსამართლემ სასამართლოს შეურაცხყოფად მიიჩნია ქარდავას განცხადებები სასამართლოს მიკერძოებულობასთან და კორუმპირებულობასთან დაკავშირებით, რაც სხდომათა დარბაზიდან მსჯავრდებულის გაძევების საფუძველი გახდა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. რაც შეეხება თავად ბრალდებას, ქარდავას ადვოკატი მას „გამოგონილს“ უწოდებს. ქართულმა სასამართლომ მეგის ქარდავა პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების ორგანიზებისთვის ერთხელ უკვე გაასამართლა, თუმცა სამშობლოში ექსტრადიციის შემდეგ, ქარდავამ მის წინააღმდეგ აღძრული საქმეების თავიდან განხილვა მოითხოვა. ახლა ქარდავას პროცესზე დასაბრუნებლად სასამართლოსთვის ბოდიშის მოხდა მოუწევს.