მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას, რომელიც უკრაინაშია დაკავებული, საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქარდავამ თავშესაფრის მინიჭების თხოვნით უკრაინის შესაბამის ორგანოებს დაკავებისთანავე მიმართა.

უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც ქარდავასთვის თავშესაფრის მინიჭების პროცედურები დასრულდება, უკრაინის იუსტიციის სამინისტრო არსებითად განიხილავს მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადიციის საკითხს.

ვინაიდან მეგის ქარდავას მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის მაქსიმალური ვადა იწურებოდა 2018 წლის პირველ ნოემბერს და მისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხის განხილვა არ იყო დასრულებული, მის მიმართ გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა შეიცვალა შინაპატიმრობით, რაც გულისხმობს ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ შეზღუდვების დაწესებას, რათა მომავალში უზრუნველყოფილ იქნას მისი ექსტრადიციის საკითხის განმხილველ ორგანოში წარმოდგენა,- აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.