წამლების ფასი მკვეთრად არის გაზრდილი.
2019 წლის პერიოდთან შედარებით მედიკამენტები საშუალოდ 14%-ით გაძვირდა, თუმცა ცალკეულ პრეპარატებზე ბევრად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. მათ შორისაა ის წამლებიც, რომლებიც კოვიდ-პანდემიის დროს ყველაზე ხშირად გამოიყენება. შექმნილ ვითარებაში დეპუტატთა ნაწილი იმ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოებას ითხოვს, რომლებიც მედიკამენტებზე სახელმწიფო პროგრამით სარგებლობენ. ფარმაცევტული კომპანიები ფასების მკვეთრ მატებას სავალუტო ბაზარზე მიმდინარე რყევებით და ლარის გაუფასურებით ხსნიან, რადგან საქართველოში წამლების უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია. დასახელებული არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია სფეროს ექსპერტებისთვის, რომლებიც ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიაზე მიუთითებენ.