მარტვილში, მეორე დღეა 13 წლის გოგონას ეძებენ. გოგონა ბოლოს ხონის მიმართულებით ერთ-ერთმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. როგორც სკოლის დირექტორი აცხადებს, გოგონა უკონფლიქტოა, არც ოჯახში აქვს რაიმე პრობლემები. მისი თქმით, გოგონა საფეხბურთო სკოლაშიც ვარჯიშობს. მისი დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ დაახლოებით 20 საათზე გავრცელდა, მას შემდეგ რაც გოგონა სახლში არ მივიდა. მშობლებმა მაშინვე მიმართეს სამართალდამცავ ორგანოებს. შსს ინფორმაციით, გოგონას დაკარგვის ფაქტზე გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.