მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი სამყაროს ნაწილი 7 იანვარს მაცხოვრის შობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, მართლმადიდებლურ ტაძრებში საზეიმო ღვთისმსახურება ღამისთევით ჩატარდა, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დილით დაიწყო.

წმინდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აფარებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს ყრმა მაცხოვარი.

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მორწმუნეები შობას ფანჯრებთან ანთებული სანთლით ხვდებიან. ამ გზით მართლმადიდებლები მათ ოჯახებსა და სულებში მაცხოვრის დაბადებასა და შემოსვლას გამოხატავენ. შობის დღესასწაულზე მორწმუნეთათვის 40-დღიანი მარხვა დასრულდა.