მარსი მზის სისტემის ერთ-ერთი პლანეტა, მზიდან დაშორების მხრივ რიგით მეოთხე. მზის გარშემო საშუალოდ 228 მილიონი კილომეტრის მანძილიდან მოძრაობს. აქვს ორი პატარა ბუნებრივი თანამგზავრი — ფობოსი და დეიმოსი.
უკვე საუკუნეებია, ადამიანებს აინტერესებთ, არის თუ არა მარსზე სიცოცხლე. კვლევები მიუთითებს, რომ ამჟამად მარსზე სიცოცხლის აშკარა ნიშნები არ შეიმჩნევა. თუმცა, მეცნიერები მაინც ცდილობენ გაარკვიონ, არსებობდა თუ არა სიცოცხლის მარტივი ფორმები იქ ოდესმე.
მარსი მზის სისტემის მეორე ყველაზე პატარა პლანეტაა მერკურის შემდეგ. მისი დიამეტრი 6800 კილომეტრია. დედამიწის მსგავსად, აქვს შრეებიც — ლითონის ბირთვი, სქელი, კლდოვანი შუა ფენა და ქერქი.
მარსის ზედაპირი შედგება ქანებისა და მტვრისგან. ხშირია მტვრის შტორმები. პლანეტაზე არის ბევრი კრატერი, ვაკე, ღრმა ხეობები და მაღალი მთები.
მარსს აქვს თხელი ატმოსფერო, ანუ აირების ფენა, რომელიც სითბოს კარგად ვერ ინარჩუნებს. მარსის ზედაპირზე ტემპერატურა შუადღეს დაახლოებით მინუს 33 გრადუსი ცელსიუსია, ღამით კი მინუს 118 გრადუსამდე ეცემა.
დედამიწის გარდა, მზის სისტემის პლანეტებზე წყალი იშვიათია. მარსზე წყალი მის პოლუსებთან, ყინულის ქუდებშია თავმოყრილი. არის მიწისქვეშა ყინულებიც. მცირე ოდენობით წყალი აღმოჩენილია ჰაერშიც, ორთქლის სახით. მტკიცებულებები მიუთითებს, რომ წარსულში მარსის ზედაპირზე თხევადი წყალი იყო. მაგალითად, აღმოჩენილია ასობით არხი, რომლებიც დამშრალ მდინარეთა კალაპოტებს ჰგავს. მეცნიერთა აზრით, მარსი ერთ დროს ზღვებით დაფარული თბილი პლანეტა იყო.
მზის გარშემო ერთი შემოვლისთვის მარსს დედამიწის 687 დღე სჭირდება, ანუ იქ წელიწადი სწორედ 687 დღეს გრძელდება.
საკუთარი ღერძის გარშემო მარსი დაახლოებით დედამიწის მსგავსი მაჩვენებლით ბრუნავს. ერთ სრულ შემობრუნებას 24,6 საათს ანდომებს, შესაბამისად, ამდენ ხანს გრძელდება ერთი მარსული დღეც.
ადამიანები მარსს უხსოვარი დროიდან აკვირდებიან. 1964 წლიდან დღემდე, მის შესახებ ინფორმაცია მრავალმა ხომალდმა შეაგროვა. 1990-იანი წლებიდან მარსისკენ არაერთი ხომალდი გაუშვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა.
რამდენიმე ხომალდი მარსის ზედაპირზეც დაჯდა. მათ შორის იყო პათფაინდერი 1990-იან წლებში. 2003 წელს შეერთებულმა შტატებმა წითელ პლანეტაზე ორი სხვა მავალი დასვა — სპირიტი და ოპორტუნიტი. 2012 წელს მარსზე დაეშვა ნასას მავალი კურიოზიტი, რომელიც დღემდე აგრძელებს მუშაობას.
2021 წლის თებერვალში მარსის ზედაპირზე დაჯდა ნასას ახალი მავალი პერსევერანსი. ის დამშრალი ტბის ფსკერზე დაეშვა და მისიის მთავარი მიზანი უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძებნაა. მისიაში შედის პატარა ვერტმფრენი, სახელად ინჯენუიტი, რომელმაც 2021 წლის აპრილში, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, პირველი კონტროლირებადი ფრენა განახორციელა სხვა პლანეტაზე.
2021 წლის თებერვალში მარსის ორბიტაზე გავიდა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხომალდი, სახელად ჰოუფი. ამავე წლის ივლისში კი მარსის ზედაპირზე დაჯდა ჩინეთის პირველი მავალი.
ნასას შემდეგი ამბიციური მიზანი უახლოეს წლებში მარსზე ადამიანთა გაგზავნაა.