მარნეულის მერის დაკავება “სტუდია მონიტორის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას მოჰყვა. თემურ აბაზოვს მოქალაქის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. პასუხისგებაში არიან მიცემულები მარნეულის საკრებულოს ,,ქართული ოცნების” წევრი რამინ ალახვერდიევი, პარლამენტარი ,,ნაციონალური მოძრაობიდან”– აზერ სულეიმანოვი და მარნეულის მერის ნათესავი – სამივე მათგანს მოქალაქის ცემას ედავებიან.
როგორც ირკვევა, მარნეულის მკვიდრი ელჩინ ალახვერდიევი ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგ გახდა, რაც მან 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე აბაზოვს და პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. კადრები, რომლებიც მოქალაქეზე ზეწოლას და ძალადობას ასახავს, მძიმედ საყურებელია.