მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის პროცესზე, დღეს ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. როგორც პროკურორმა განაცხადა, შადრევნის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ ჰიდროინჟინერმა ვასილ ნაცვლიშვილმა დაადასტურა, რომ პროექტში ცვლილებები მათი გვერდის ავლით, ყალბი ხელმოწერებითა და ბეჭდით შევიდა. ასევე პროკურორის განცხადებით, მეორე მოწმემ, „გრინსერვისის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე მაჭარაშვილმა დაადასტურა, რომ დამატებითი სამუშაოების – მილების გადაფუთვის დავალება მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ვახტანგაშვილმა გასცა. ადვოკატების შეფასებით, ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებით, განსასჯელების დანაშაული არ დასტურდება. მორიგი სხდომა 18 ივლისს ჩაინიშნა, სადაც კვლავ ბრალდების მოწმეთა დაკითხვა გაგრძელდება. ვაკის პარკის გამოყოფილ საქმეში გიგაშვილის გარდა განსასჯელია ერთი ექსპერტი და სამი იურიდიული პირი.