მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის გამოყოფილ საქმეზე, რომელშიც ერთ-ერთი ბრალდებული თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსია, შადრევნის დამპროექტებელი კომპანია „ელემსის“ მთავარი არქიტექტორი, შალვა ქურიძე დაიკითხა. როგორც პროკურორმა განაცხადა, მოწმემ დაადასტურა, რომ პროექტში ცვლილებები მათი გვერდის ავლით, კომპანიის გაყალბებული ბეჭდითა და ხელმოწერებით არის შეტანილი. ბრალდების პოზიციას არ ეთანხმება გიგა გიგაშვილის ადვოკატი. როგორც კახა წერეთელი ამბობს, ქურიძემ თავდაპირველად გამოძიებას დაუდასტურა, რომ პროექტში ცვლილებების საქმის კურსში იყო, რაც მოგვიანებით, სასამართლოში უარყო. ადვოკატის განცხადებით, პროექტში გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ვაკის პარკის ტრაგედიის გამოყოფილ საქმეში გიგაშვილის გარდა ბრალდებულია ექსპერტი და სამი იურიდიული პირი. გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რომ პროექტში ცვლილებები ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ჩაიბარა.