ვაკის პარკის ტრაგედიის საქმე

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის, გიგა გიგაშვილის პროცესზე, დღეს ბრალდების მხარის მოწმეები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტები დაიკითხნენ. მოწმეებმა დაადასტურეს შადრევანში ჩასული ბავშვების ელექტროტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებები, მათ შორის მარიტა მეფარიშვილის ელექტროტრავმის შედეგად გარდაცვალების ფაქტი. პროცესი ხვალ ექსპერტ-ტრასოლოგების დაკითხვით გაგრძელდება და პროკურორის განცხადებით, ისინი ელექტროკაბელებზე დაზიანებებს დაადასტურებენ. გიგა გიგაშვილის გარდა, ვაკის პარკის საქმეში განსასჯელია ექსპერტი და სამი იურიდიული პირი. გიგაშვილს სამსახურებრივ გულგრილობაში ედავებიან. ვაკის პარკის ტრაგედიის ძირითად საქმეზე კი ცხრა პირის მიმართ განაჩენი უკვე გამოიტანა სხვა მოსამართლემ. რვა პირი, მათ შორის „გრინსერვის პლუსის“ დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, გიორგი ვახტანგაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, ერთი კი გაამართლა.