„ლოშარიკის“ საიდუმლო
„ლოშარიკის“ საიდუმლო

„კურსკის“ ტრაგედიიდან 19 წლის შემდეგ რუსეთის თავდაცვისა სამინისტროს კიდევ ერთმა წყალქვეშა აპარატმა განიცადა კატასტროფა – პირველ ივლისს, ბათიმეტრიული კვლევების ჩატარებისას, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ღრმაწყლოვან კვლევით ერთ-ერთ აპარატზე  ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც  14 მეზღვაური დაიღუპა. ითვლება, რომ მეზღვაურებმა მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა, მაგრამ კვამლით მოიწამლნენ. თავდაცვის უწყების განცხადებით, ინციდენტი რუსეთის ტერიტორიულ წყლებში მოხდა. ამჟამად, ღრმაწყლოვანი აპარატი მოთავსებულია სევერომორსკის ბაზაზე, მურმანსკის ოლქში. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება, რომელსაც რფ-ის საზღვაო ძალების სარდალი ადმირალი ევმენოვი ხელმძღვანელობს.

ტრადიციულად, რუსეთის ღრმაწყლოვანი კვლევითი აპარატები  თავდაცვის უწყების ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული სამმართველოს – ღრმაწყლოვან კვლევათა მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში იმყოფება. ბუნებრივია, ინფორმაცია ამ სამმართველოს ფუნქციონირების შესახებ მეტად მწირია, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ სამმართველო მხოლოდ ფსკერის კარტოგრაფიით თუ განსაცდელში მყოფი წყალქვეშა ნავების გადარჩენით და ჩაძირული საფრენი აპარატების ნამსხვრევების ფსკერიდან ამოტანით არ არის დაკავებული. შესაძლოა, აპარატები ასევე გამოიყენება ზღვის ფსკერზე გამავალი საერთაშორისო საკომუნიკაციო კაბელების მიყურადებით, რაც ნატო-ს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

თავად აპარატი  რამოდენიმე ნაკვეთურისაგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან გასასვლელებით არის  დაკავშირებული . ერთ-ერთ ნაკვეთურში განთავსებულია ატომური ენერგეტიკული დანადაგარი. წყალქვეშა აპარატის სიგრძე 69 მეტრია, სიგანე – 7 მეტრი. წყალქვეშა სვლის სისწრაფე – 30 კვანძი. ითვლება, რომ აპარატს შეუძლია 6000 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა, ხოლო ავტონომიურდ მოქმედება, სხვადასხვა მონაცემებით, რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე თვემდე.

წყალქვეშა აპარატი განკუთვნილია ფსკერზე ოპერაციების ჩასატარებლად, რისთვისაც მასზე დამაგრებულია სხვადსხვა მანიპულატორები. აპარატის შტატში, რომელიც მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს, 25 ოფიცერია.

არის ვარაუდი, რომ „ლოშარიკი“ დაკავებული იყო ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის ფსკერის კარტოგრაფირებით. უნდა აღინიშნოს, ამ რელიეფის ცოდნა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ამ სივრცეში უპილოტო  წყალქვეშა აპარატების გამოყენებისათვის.

ძნელი სათქმელია, როგორია აპარატის პირადი შემადგენლობის საბრძოლი გათვლა, თუმცა ცნობილია, რომ ის მხოლოდ ოფიცრებით არის დაკომპლექტებული და  14 დაღუპულიდან ყველა  მაღალი რანგის  ოფიცერი  იყო და ეს ფაქტი, თავის მხრივ, არაერთ შეკითხვას ბადებს.

„კურსკი” 2000 წელს ჩაიძირა და მიუხედავად დროის ამ მონაკვეთისა, დეტალები დღემდე ბოლომდე გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად, ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს ისიც, რომ “ლოშარიკის“ ამოცანაც, ალბათ, ძალიან დიდ ხანს დარჩება საიდუმლოდ.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი