საპროტესტო აქცია გაიმართა „ლილო მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ლილოს ბაზრობას არ ეხება შეზღუდვების შემსუბუქება. ის არ გაიხსნება. აქციაზე შეკრებილები სხვა სავაჭრო ობიექტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას ითხოვენ. მათი განცხადებით, „ლილო მოლში“ დასაქმებულებისთვის ამ კვირის განმავლობაში მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და გახსნის შემთხევაში მზად არიან ყველა შესაბამისი რეგულაცია დაიცვან. დღესვე, „ლილო მოლის“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მათთვის საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება აუხსნელი და გაუგებარია და ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს: „ თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, რათა ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის გაყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით“ – ნათქვამია განცხადებაში.