ლიდელ ჰარტი სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის შესახებ
ლიდელ ჰარტი სამხედრო სტრატეგიისა და დიდი სტრატეგიის შესახებ

სტატიაში კლაუზევიცის დიდი ომის თეორია და „დიდი ომის ჩიხი“, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინ ამავე სივრცეში გამოქვეყნდა, ჩვენ შევეხეთ ლიდელ ჰარტის მიერ კლაუზევიცის კრიტიკას და ვწერდით, რომ მისი აზრით,  კლაუზევიცი გადაჭარბებით აფასებდა სახმელეთო ძალების მნიშვნელობას და მან ბოლომდე ვერ ამოიცნო საზღვაო სტრატეგიის მნიშვნელობა კონტინენტალური დაპირისპირებისათვის.

უნდა ითქვას, რომ ეს არ გახლდათ ერთადერთი თემა, რაც ლიდელ ჰარტს საკამათოდ მიაჩნდა. ერთ-ერთი ძირითადი, ამ მხრივ, თავად სტრატეგიის გააზრება იყო.

კლაუზევიცი თავის ნაშრომში „ომის შესახებ“ სტრატეგიას განსაზღვრავს, როგორც „ომის მიზნებისათვის ბრძოლების გამოყენებას“. აქედან ის ასკვნის, რომ სტრატეგიამ სამხედრო მოქმედებებს ისეთი ამოცანები უნდა განუსაზღვროს, რომელიც ომის საზრისს შეესაბამება.

ლიდელ ჰარტი თვლის, რომ ასეთ მიდგომას ორი ნაკლი გააჩნია: –  ომის საზრისთან შესაბამისობის მოთხოვნა უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის სფეროა და არა სამხედრო ხელმძღვანელობისა და მეორე – აღნიშნული განსაზღვრება ძალიან ვიწროა: გამოდის, რომ ბრძოლა წარმოადგენს ერთადერთ საშუალებას სტრატეგიული მიზნის მისაღწევად.

სხვათა შორის, ასეთი დასკვნის შესაძლებლობამ გააჩინა მოსაზრება, რომ ომი შესაძლოა  დავიყვანოთ ერთ გადამწყვეტ ბრძოლამდე.  თუცა, საქმე სხვაგვარადაა. ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგიასა და პოლიტიკას შორის სხვაობის გამოვლენას არანაირი აზრი არ ექნებოდა, ორივე ძალაუფლება რომ ერთი და იმავე ადამიანის ხელში  ყოფილიყო თავმოყრილი: მაგალითად, ფრიდრიხ დიდი, ნაპოლეონი. დღეს ასეთი ვითარება თითქმის არ გვხვდება (შესაძლოა ჩრდილო კორეა, ბირმა, აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყანა). ძირითადად, ასეთი ქვეყნები XIX საუკუნეშივე გაუჩინარდნენ. თუმცა, როგორც ლიდელ ჰარტი აღნიშნავს, ამ გაუჩინარების შედეგი კატასტროფული აღმოჩნდა, ვინაიდან  სამხედროებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ პოლიტიკა უნდა ექვემდებარებოდეს ომის წარმოების სამხედრო გეგმებს, ხოლო სამოქალაქო ლიდერებმა (განსაკუთრებით დემოკრატიულ საზოგადოებაში) დაიწყეს სამხედრო მოქმედებათა მსვლელობაში ჩარევა და იმ რესურსების განკარგვა, რომელიც მათი კომპეტენციის მიღმა იყო.

ამ თვალთახედვიდან, სტრატეგიის მოლტკესეული განსაზღვრება ლიდელ ჰარტს ბევრად უფრო ადეკვატურად მიაჩნია, ვიდრე კლაუზევიცის:  „იმ საშუალებათა პრაქტიკული გამოყენება, რომელიც სარდალს ეძლევა დასახული მიზნის განსახორციელებლად“.

ამ განსაზღვრებიდან, ჰარტისთვის, რამოდენიმე საყურადღებო გარემოება გამომდინარეობს:

1.  სარდლის პასუხისმგებლობა იმ მთავრობის წინაშე, რომელსაც ის ემსახურება: სარდალი პასუხს აგებს მისთვის გამოყოფილი საშუალებების ეფექტურ გამოყენებაზე.

2. თუ მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ საშუალებები არ არის საკმარისი, მაშინ მას შეუძლია მიუთითოს ამის შესახებ.

3. თუ კი მის აზრს არ გაიზიარებენ, მას შეუძლია უარი თქვას სარდლობაზე, ან გავიდეს სამხედრო სამსახურიდან.

4. მთავარსარდლის მცდელობა, უკარნახოს პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს შეიარაღებული ძალების ოდენობა, რომელიც მისი აზრით არის აუცილებელი, წარმოადგენს მისი მხრიდან უფლებამოსილებათა გადაჭარბებას.

მეორეს მხრივ, მთავრობა, რომელიც პოლიტიკას განსაზღვრავს, უფლებამოსილია ჩაერიოს კამპანიის სტრატეგიულ მართვაში. ეს მართვა კი გულისხმობს მხოლოდ შემდეგს:

1.  მთავარსარდლის, რომელმაც მთავრობის ნდობა დაკარგა – შეცვლა;

2.  ომის დინამიკიდან გამომდინარე, დასმული პოლიტიკური ამოცანის დაზუსტება ან შეცვლა.

ლიდელ ჰარტის აზრით, ასეთი ჩარევა მრავალი მიზეზითაა განპირობებული: შესაძლოა მიჩნეულ იქნას, რომ სამხედრო მოქმედებებმა თავისი თავი ამოწურა და პოლიტიკური მიზნების მიღწევა ამ ეტაპზე სხვა მეთოდებით უფროა შესაძლებელი: მაგ. ეკონომიური წნეხით, ახალი კავშირებით  და ა.შ. მათ შორის დაზავების პირობებზე მოლაპარაკების დაწყებით.

სხვა სიტყვებით, მოწინააღმდეგის განადგურება სამხედრო გზით აუცილებლობას უკვე არ წარმოადგენს.

მეორეს მხრივ, ჩარევა არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს მთავარსარდლის კომპეტენციაში ჩარევას, რაც ჯარების უშუალო მართვაში გამოიხატება.

ამდაგვარ პოლიტიკას ლიდელ ჰარტი შეზღუდული პოლიტიკური მიზნების სტრატეგიას უწოდებს და შენიშნავს, რომ, საუკუნეთა განმავლობაში ის წარმოადგენდა ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის რეალურ შინაარსს.

ხშირად, ამდაგვარი პოლიტიკის მოტივაცია იყო ძალთა თანაფარდობაში ცვლილების მოლოდინი, რასაც მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვის ხარჯზე აღწევდნენ. გამოფიტვა გულისხმობდა შესაძლებლობების დასუსტებას მცირე დივერსიფიცირებული დარტყმების ხარჯზე, ისე რომ საკუთარი მთავარი ძალები დარტყმის ქვეშ არ დაეყენებინათ.

მეთოდები მრავალგვარია:

  •              დარტყმა მოწინააღმდეგის მომარაგების ბაზაზე;
  •              ცალკეული მცირე ჯგუფების ადგილზე განადგურება, ანდა ისეთი ზიანის მიყენება, რომ ეს ჯგუფები უმოქმედონი გახდნენ.
  •              მოწინააღმდეგის ჩათრევა ისეთ შეტევით მოქმედებაში, რომელიც მისთვის მოუხერხებელი და არაფრის მომტანია (წარმატების შემთხვევაშიც კი).
  •              ისეთი ღონისძიებების გატარება, რაც მოწინააღმდეგეს ძალების დაქსაქსვას აიძულებს.
  •              მოწინააღმდეგის მორალური და ფიზიკური ენერგიის ცვეთა.

ყველაფერი ეს კარგად საზღვრავს იმ ჩარჩოს, რომლის შიგნით მთავარსარდალს მოქმედების თავისუფლება გააჩნია იმ თეატრის ფარგლებში, სადაც ის ჯარების მოქმედებას ხელმძღვანელობს. მაგალითად,  თუ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს იმოქმედოს ფაბიანური სტრატეგიის ფარგლებში, მაშინ ერთი თეატრის შიგნით მთავარსარდლის ინიციატივით განხორციელებული წარმატებული ოპერაცია, შესაძლოა, უფრო ზიანის მომტანი აღმოჩნდეს, ვიდრე რეალური წარმატება საბოლოო პოლიტიკური მიზნის განხორციელების თვალსაზრისით.

ისევე, როგორც, საბოლოო ჯამში, ტაქტიკა წარმოადგენს სტრატეგიის გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე, ასევე თავად სტრატეგია წარმოადგენს სამხედრო პოლიტიკის (დიდი სტრატეგიის) გამოყენებას უფრო დაბალ საფეხურზე. პრაქტიკულად, დიდი სტრატეგია ემთხვევა სამხედრო პოლიტიკას, რითაც ომის მსვლელობას ხელმძღვანელობენ.  ხოლო ეს უკანასკნელი განსხვავდება ფუნდამენტური (სახელმწიფო) პოლიტიკისაგან, რომელიც სამხედრო პოლიტიკის მიზანს განსაზღვრავს.

რაში მდგომარეობს დიდი სტრატეგიის დანიშნულება? – სახელმწიფოს (ან სახელმწიფოთა ჯგუფის) ყველა რესურსი მიმართოს ომის პოლიტიკური მიზნების განხორციელებისაკენ და კოორდინაცია გაუკეთოს ამ რესურსის გამოყენებას. თავად მიზანს კი ფუნდამენტური პოლიტიკა განსაზღვრავს.

შესაბამისად, დიდი სტრატეგია გულისხმობს რესურსების:

  •              გამოვლენას;
  •              მობილიზებას;
  •              განაწილებას;
  •              გამოყენების კოორდინაციას.

გარდა ამისა, დიდი სტრატეგიის მნიშვნელოვანი სფეროა ომის შემდგომი მშვიდობის მოწყობა და შენარჩუნება.

სტრატეგიის წარმატება, ლიდელ ჰარტისთვის, ძირითადად, დამოკიდებულია მიზნის და საშუალებების სწორი თანაფარდობის განსაზღვრაზე: ჭარბი საშუალებები შესაძლოა ისევე მავნე აღმოჩნდეს, როგორც მათი ნაკლებობა; სწორედ ამ საკითხში თეორიული ცოდნა პრაქტიკული რეალიზაციის სირთულეებს აწყდება. პრაქტიკული რეალიზაცია გახლავთ ის, რასაც ჩვენ მხედართმთავრის ხელოვნებას ვეძახით.

ერთადერთი, რაც ომში გათვლას არ ექვემდებარება, ეს არის ადამიანის ნება  გაწიოს წინააღმდეგობა .თუმცა, მოწინააღმდეგის ნების დაძლევა სტრატეგიის საქმე არ გახლავთ. ლიდელ ჰარტისთვის სტრატეგიამ უნდა სცადოს თავად წინააღმდეგობა გახადოს მინიმალური და ამაში ის ორ ფაქტორს შეიძლება დაეყრდნოს: მოძრაობა და მოულოდნელობა. ამ ორიდან პირველი განეკუთვნება მატერიალურ სფეროს, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიურს.  თუმცა,ისინი განაპირობებენ ერთმანეთს:

  •              სწრაფი გადაადგილება ქმნის მოულოდნელობის ეფექტს;
  •              მოულოდნელობა, თავის მხრივ, იძლევა შემდგომი გადაადგილების სტიმულს.

ლიდელ ჰარტის აზრით, სტრატეგია მით უფრო სრულყოფილია, რაც უფრო ნაკლებ ბრძოლას მოითხოვს. მაშინაც კი, როდესაც ომის მიზანი გენერალური ბრძოლის გამართვაა (კლაუზევიცი), სტრატეგიის დანიშნულებაა იმდაგვარი პირობების შექმნა, რომ  ეს ბრძოლა მაქსიმალურად მომგებიან პირობებში წარიმართოს. მაგრამ რაც უფრო მომგებიანია პირობები, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა თავად ბრძოლა.

მაგალითები, რომლებითაც ლიდელ ჰარტი აპელირებს, შემდეგია:კეისარი ილერდასთან; კრომველი პრესტონთან;    ნაპოლეონი ულმთან;მოლტკე სედანთან ;ალენბი სამარიაში .ყველაზე შთამბეჭდავ მაგალითად კი 1940 წელს სედანთან გუდერიანის გარღვევა მიაჩნია.

იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს არ აინტერესებს მოწინააღმდეგის განადგურება, ანუ როდესაც ის ფიქრობს მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მიზანი მიღწეული იქნება, თუ კი მოწინააღმდეგეს განზრახვაზე ავაღებინებთ ხელს.  სხვა სიტყვებით, სტრატეგიის მიზანია შევქმნათ მომგებიანი სტრატეგიული გარემო. უფრო ზუსტად, საფრთხე შევუქმნათ მოწინააღმდეგის მდგრადობას, რამაც შესაძლოა მისი ძალების რღვევა გამოიწვიოს.

როგორაა ეს შესაძლებელი? ანუ როგორ ხორციელდება მოწინააღმდეგის მდგრადობის სტრატეგიული რღვევა?

ფიზიკურ სიბრტყეში ეს წარმოადგენს იმ მოქმედებათა შედეგს, რომლებსაც მივყავართ:

1. მოწინააღმდეგის დისპოზიციის რღვევამდე, რის შედეგადაც ის იძულებულია მისთვის მოულოდნელად შეცვალოს ფრონტი, რასაც მისი ორგანიზაციული სტრუქტურის რღვევა მოყვება;

2. მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვამდე;

3.მომარაგების სისტემისათვის საფრთხის შექმნა;

4. იმ საკომუნიკაციო ხაზებისათვის საფრთხის შექმნა, რომლითაც მოწინააღმდეგეს შუძლია უკან დახევა და ხელახალი ზღუდის გამაგრება.

ერთ-ერთი ამ ფაქტორის რეალიზაცია საკმარისია, რომ მოწინააღმდეგის მდგრადობა დაირღვეს. თუმცა, რეალობაში ეს ფაქტორები ერთმანეთზეა მიბმული და ერთ-ერთის რეალიზაცია ჯაჭვური რეაქციით იწყებს სხვათა ამოქმედებას.

ლიდელ ჰარტი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებასაც, რომ თუ  არმია საკუთარი რესურსების შევსებას ადგილობრივი მოსახლეობის ხარჯზე აწარმოებს (ასე ვთქვათ, მტრის ხარჯზე აწარმოებს ომს), ანდა ის მცირე ზომისაა, მაშინ მისი დამოკიდებულება ბაზებსა  და კომუნიკაციებზე ნაკლებია ხოლო თუ საქმე დიდ და რთულ ორგანიზაციათან გვაქვს, მაშინ მისი მიბმა ბაზებსა და კომუნიკაციებზე უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს,ეს კი ნიშნავს, რომ პირველ შემთხვევაში სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა უფრო რთულია. თუმცა აქაც არის საშუალება რომ უკანდასახევ გზებზე შევქმნათ საფრთხე და მოწინააღმდეგე „ადგილიდან დავძრათ“.

ფსიქოლოგიურ სიბრტყეში მოწინააღმდეგის მდგრადობის რღვევა ლიდელ ჰარტისათვის წარმოადგენს ზემოჩამოთვლილი ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებას მოწინააღმდეგის სარდლობაზე. ფსიქოლოგიურ ეფექტს იმის გააზრება ქმნის, რომ მოულოდნელად მახეში აღმოვჩნდით.  შედეგად, მას მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგის ზურგზე მიმართული მოქმედებების ეფექტი ძირითადად ფსიქოლოგიურია: მოწინააღმდეგე ტყდება, მაშინ, როდესაც  პირდაპირ განხორციელებული შეტევის ფსიქოლოგიური ეფექტია წინააღმდეგობის ნების გაძლიერება.

ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რაშიც ბოლომდე კლაუზევიცის ვერცერთი მიმდევარი ვერ გაერკვა, გახლავთ ის, რომ ომში ყველა მოვლენასა და ყველა პრინციპს მედალივით ორი მხარე აქვს. აქედან კი გამომდინარეობს ის, რომ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აწონილ, კომპრომისულ გადაწყვეტილებას ენიჭება:  ომი ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის წარმოებს, და თითოეული, ცდილობს რა, დარტყმა მიაყენოს მეორეს, ამავდროულად ასევე უნდა ფიქრობდეს თავდაცვაზეც. მაშასადამე, საკუთარი დარტყმა ეფექტური რომ იყოს, მოწინააღმდეგეს მოულოდნელად უნდა შევუტიოთ. მაგრამ ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ძალები გაფანტულია, ხოლო საკუთარი – კონცენტრირებული. მაგრამ, მოწინააღმდეგე მხოლოდ მაშინ მიმართავს საკუთარი ძალების დაქსაქსვას, როდესაც ამის საფუძველი გააჩნია (მაგ. დივერსიფიცირებული დარტყმების მოლოდინი). მაშასადამე მას ეს მოლოდინი უნდა გავუჩინოთ, ანუ საკუთარი ძალები დავქსაქსოთ. ამდენად, თუმცა ეს პარადოქსად ჟღერს, ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია.შედეგად, ომის ძირითადი მოთხოვნაა ის, რომ თუ გინდა დაიკავო რაიმე ადგილი, წარმატების უზრუნველსაყოფად ერთდროული საფრთხე რამდენიმეს უნდა შეუქმნა. დებულება, რომ ძალების ჭეშმარიტი თავმოყრა მათი დაქსაქსვის შედეგია  შეგვიძლია იმ ერთადერთ პრინციპად მივიჩნიოთ, რომელიც ომის მსვლელობის ლოგიკას უდევს საფუძვლად. თუმცა, მისი პრაქტიკული ამოქმედება გარკვეული სირთულის შემცველია და ის შემდეგი ნაბიჯების განხორციელებას გულისხმობს:საკუთარი ძალების დაქსაქსვა; მოწინააღმდეგის ძალების დაქსაქსვა და  საკუთარი ძალების თავმოყრა.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა სხვა დებულება, რომელიც პრინციპად შეგვიძლია განვიხილოთ, ამ ალგორითმიდან მომდინარეობს. ჰარტი თვლის, რომ ასეთი სულ რვა დებულებაა . აქედან ექვს შეგვიძლია დადებითი პრინციპები ვუწოდოთ, ხოლო ორს – უარყოფითი.

   პოზიტიური პრინციპები:

  •  მიზანი ყოველთვის საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე აირჩიე.
  •  როგორადაც არ უნდა იცვლებოდეს ვითარება და შესაბამისად, როგორადაც არ უნდა ხდებოდეს თავდაპირველი გეგმის დაზუსტება, არასოდეს შეცვალო თავდაპირველი მიზანი.
  •  საკუთარი მოქმედებებისთვის ისეთი გეზი შეარჩიე, საიდანაც შენს ამოქმედებას ყველაზე ნაკლებად ელიან.
  • იმოქმედე უმცირესი წინააღმდეგობის ხაზებზე.
  • მიმართულების არჩევისას იპოვე ისეთი, საიდანაც მოწინააღმდეგის რამოდენიმე ობიექტი ერთდროული დარტყმის ქვეშ ექცევა.
  •  უზრუნველყავი თავდაპირველი გეგმისა და ჯარების თავდაპირველი განლაგების მოქნილობა.

  ნეგატიური პრინციპები:

  •  არასოდეს შეუტიო მოწინააღმდეგეს სრული ძალებით, თუ მას თავდაცვის საშუალება გააჩნია (ანუ, სანამ მისი თავდაცვის უნარი პარალიზებული არ არის).
  •  არასოდეს განაახლო შეტევა მიმართულებაზე, თუ  მანამდე ამ მიმართულებით შეტევამ მარცხი უკვე განიცადა.

ამ ორი ჯგუფის პრინციპებთან ერთად აუცილებელია მხედველობაში გვქონდეს ის ორი ამოცანაც, რომელიც აუცილებლადაა გადასაჭრელი:

1.როგორ დავაკარგინოთ მოწინააღმდეგეს წონასწორობა?

2.როგორ განვავითაროთ წარმატება?

პირველი ამოცანა დარტყმის მიყენებამდე უნდა გადავჭრათ, ხოლო მეორე – უშუალოდ დარტყმის შემდეგ. ამ ამოცანების გადაჭრასთან შედარებით საკუთრივ დარტყმის მიყენება არ წარმოადგენს სირთულეს.

ლიდელ ჰარტის აზრით, როდესაც ომის მიზანზე ვლაპარაკობთ, აუცილებელია გავითვალისწინოთ განსახვავება, რომელიც არსებობს პოლიტიკურ მიზანსა და სამხედრო მიზანს შორის. სამხედრო მიზანი პოლიტიკური მიზნის მიღწევის საშუალებაა მხოლოდ და ამიტომ, ის მთლიანად პოლიტიკური მიზნით უნდა განისაზღვროს. ერთადერთი, რაც სამხედრო ხელმძღვანელს მოეთხოვება არის ის, რომ შეუსრულებელი სამხედრო მიზანი არ დაისახოს.

ზოგადად, ომის მიზანი – ეს არის ისეთი მშვიდობის მიღწევა, რომელიც უკეთესია (მომგებიანია, თუნდაც ჩვენი თვალსაზრისით) ომისწინა ვითარებასთან შედარებით. ამის გამო, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ როგორი მშვიდობა გვინდა.  ისტორია გვაჩვენებს, რომ ბრძოლაში, ანდა თუნდაც ომში გამარჯვება თავისთავად არ გულისხმობს პოლიტიკური მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. ას წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სხვათა შორის, მიაჩნდათ, რომ ომის ნამდვილი მიზანი არის ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განადგურება (კლაუზევიცი). აღნიშნული დებულება მიჩნეული იყო სამხედრო დოქტრინის საფუძვლად.

ლიდელ ჰარტი ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უკვე პირველი მსოფლიო ომის შედეგებმა ბზარი შეიტანა კლაუზევიცის სისტემაში. პირველ რიგში, ეს ეხებოდა სახმელეთო ოპერაციების ხასიათს. ვერც ერთმა სახმელეთო ოპერაციამ ვერ უზრუნველყო საბოლოო წარმატება და რეალურად, ომი ჩიხში შეიყვანა. ის, რომ გერმანია დამარცხდა, ამის მიზეზი არა მისი სამხედრო პოტენციალის განადგურება იყო ხმელეთზე, არამედ ის უკმარობა მარაგებისა, რომელიც საზღვაო ბლოკადამ გამოიწვია. მეტიც, გამარჯვებულთა ძალებიც იმდენად იყო გამოფიტული, რომ მათ ვერ შეინარჩუნეს ომის შემდგომ თავიანთი წარმატება. ცხადი  გახდა, რომ საჭირო იყო თეორიის ხელახალი გადააზრება. ამავე დასკვნისაკენ ლიდელ ჰარტს სხვა ფაქტორებიც უბიძგებდა:

  • როლი, რომელიც საზღვაო ძალებმა შეასრულეს მოწინააღმდეგის განადგურების საქმეში, თანაც ისე, რომ არც ერთი დიდი საზღვაო ბრძოლა არ გაუმართავთ.
  • საჰაერო ძალების განვითარებამ შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის პოლიტიკური და ეკონომიური ცენტრების განადგურება ისე, რომ აღარ იყო საჭირო მისი ძირითადი ძალების ბრძოლის ველზე განადგურება.
  • ჯარების მექანიზაციამ გაზარდა მოწინააღმდეგის მთავარი ძალების განადგურების შანსი მსხვილი ბრძოლების გარეშე.

თუ ავიაციას შეუძლია განახორციელოს პირდაპირი დარტყმა ირიბი ხასიათის მოქმედებით (გადააფრინდეს მოწინააღმდეგეს), იგივე შეუძლია განახორციელოს მექანიზირებულ არმიას ხმელეთზეც (შემოუაროს მოწინააღმდეგეს). თუმცა, ავიაციისგან განსხვავებით, მას ასევე შეუძლია გამაგრდეს დაკავებულ ტერიტორიაზე. ავიაციამ და ტანკმა ერთობლივად დრამატულად გაზარდეს სამოქალაქო ობიექტებზე ზემოქმედების შესაძლებლობა. ასევე დრამატულად გაიზარდა ზემოქმედების მანძილიც. ამან შესაძლებელი გახადა მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების პარალიზება მის მნიშვნელოვან ცენტრებზე ზემოქმედებით.  განსაკუთრებულია ავიაციის ზემოქმედების ეფექტი: ის შოკში აგდებს სამოქალაქო მოსახლეობას. ამ უპირატესობათა ჯამურმა ეფექტმა შექმნა ყველა პირობა იმისათვის, რომ სტრატეგიულმა გადაწყვეტილებებმა გაცილებით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ლიდელ ჰარტი ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, ბრძოლა სტრატეგიული მანევრის დამამთავრებელ ფაზად გარდაიქმნება და თავის თავდაპირველ მნიშვნელობას დაკარგავს. ჰარტისთვის ასევე საინტერესო აღმოჩნდა მეორე მსოფლიო ომის შედეგებიც: როდესაც ომი დაიწყო, ახალშექმნილმა მცირერიცხოვანმა მექანიზირებულმა ძალებმა აჩვენა, რომ მათ განსაკუთრებული ეფექტის მოხდენა შეუძლიათ, თუ კი მათი გამოყენება გამიზნულია სიღრმეში განლაგებული სტრატეგიული ობიექტების წინააღმდეგ. ამის მაგალითებია პოლონეთი, რომელიც  რამოდენიმე კვირაში დაეცა ექვსი სატანკო დივიზიის შეტევის შედეგად;   საფრანგეთისთვის საკმარისი აღმოჩნდა  ათი სატანკო დივიზია;   მთელი დასავლეთ ევროპის აღებას ერთი თვე დაჭირდა ისე, რომ სისხლისმღვრელი ბრძოლები თითქმის არ გამართულა. იგივე ხდება, სხვათა შორის, ბალკანეთში 1991 წელს, როდესაც წარმატება მიღწეულ იქნა არსებითად ბრძოლების გაუმართავად.

მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი (თუმცა, ნეგატიური) გაკვეთილი ლიდელ ჰარტისთვის ე.წ.   სტრატეგიული დაბომბვის შედეგებია: რას ელოდნენ? – ეკონომიკის კოლაფსს და დემორალიზაციას. შედეგად კი მიიღეს უმნიშვნელო ეფექტი სამხედრო მოქმედებებზე,  წინააღმდეგობის ნების განმტკიცება  და ომის შემდგომ დანგრეულის რეაბილიტაციაზე რესურსის მნიშვნელოვანი ხარჯვა.

ლიდელ ჰარტს მიაჩნდა, რომ ის იყო პირველი იმათ შორის, ვინც 1914-1918 წლების ომის შემდეგ, სცადა თავი დაეღწია კლაუზევიცის მემკვიდრეობისათვის. თავისი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით მან შეაჯამა 1925 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „პარიზი, ანუ ომის მომავალი“. წიგნი იწყება იმ სამხედრო მოქმედებათა კრიტიკით, რითაც დაპირისპირებული მხარეები ცდილობდნენ მიეღწიათ თავისი მიზნისათვის: ბრძოლის ველზე გაენადგურებინათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალები. წიგნში ნაჩვენებია, რომ ამ სწრაფვაში ორივე მხარემ ისე გამოფიტა ერთმანეთი, რომ რეალური შედეგისათვის არც მიუღწევია.

ამის შემდეგ წიგნში ნაჩვენებია მორალური მიზნების უპირატესობა. კერძოდ:

1. როგორ შეუძლიათ სატანკო არმიებს დაარტყან მოწინააღმდეგის „აქილევსის ქუსლს“: მსხვილ შტაბებსა და კავშირგაბმულობის ცენტრებს, რომლებიც არმიის ნერვიულ სისტემას ქმნიან.

2. როგორ შეუძლია ავიაციას დამოუკიდებლად მიაყენოს დარტყმა სახელმწიფოს ნერვიულ სისტემას: მსხვილ სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებსა და ინფრასტრუქტურას.

ამ წიგნის გამოსვლიდან ორ წელიწადში, 1927 წელს, გენერალური შტაბის მითითებით წიგნი სახელმძღვანელოდ გამოიყენეს პირველი მექანიზირებული ნაწილების ოფიცრებისათვის. ასევე მოიქცა საჰაერო ძალების შტაბიც, რომლის ხედვა მაშინ წიგნში გამოთქმულ მოსაზრებებს ემთხვეოდა.

თუმცა, ლიდელ ჰარტს მიაჩნია, რომ ავიაციასთან დაკავშირებით წიგნში გამოთქმული მოსაზრებები იყო მცდარი:  1925 წელს ის თვლიდა, რომ მსხვილი სამოქალაქო-სამრეწველო ცენტრებისა და ინფრასტრუქტურის განადგურებას შეეძლო დაეჩქარებინა ომის დამთავრება. 1929 წლისთვის მას უკვე უყალიბდება აზრი, რომ ამგვარმა მოქმედებამ შესაძლოა ახალი ტიპის გაჭიანურებული ომი გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი შეხედულება საჯარო გახადა, მისი თავდაპირველი მიდგომა უფრო მისაღები აღმოჩნდა სამხედრო სარდლობისთვის. შედეგად მივიღეთ ის უაზრო მსხვერპლი, რომელიც სტრატეგიულ დაბომბვებს მოყვა მეორე მსოფლიო ომში.

ომის შემდეგ ლიდელ ჰარტს უჩნდება აზრი, რომ ისევ მოვიდა დრო გადაიხედოს თეორია და კიდევ ერთხელ დაზუსტდეს ისეთი ცნებები, როგორიცაა ომის სამხედრო მიზანი. ის მიდის აზრამდე, რომ ბრძოლა, როგორც ასეთი, საერთოდ უნდა ამოვარდეს სტრატეგიის ლექსიკონიდან და ის სტრატეგიულმა ოპერაციამ უნდა შეცვალოს.

თუმცა, მალევე, ცივმა ომმა ახალი რეალობა გააჩინა, რამაც მთლიანად შეცვალა XX საუკუნის მეორე ნახევრის სტრატეგიული გარემო: გლობალურმა დაპირისპირებამ გლობალური სტრატეგია მოითხოვა. შედეგად, ლიდელ ჰარტისეულ იერარქიაში სახელმწიფოს ფუნდამენტური პოლიტიკა – დიდი სტრატეგია – სამხედრო სტრატეგია ტერმინები შეიცვალა და მივიღეთ   ალიანსის (ფუნდამენტური) პოლიტიკა  – გლობალური სტრატეგია – ალიანსის სამხედრო სტრატეგია. მაგრამ ეს სულ სხვა თხრობის თემაა.

 

ავტორი – დავით თევზაძე

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი