ლიბია - სამოქალაქო ომი თუ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევა
ლიბია - სამოქალაქო ომი თუ საერთაშორისო უსაფრთხოების ახალი გამოწვევა

ლიბიაში არსებული ვითარება მსოფლიო ყურადღების ცენტრშია და სამწუხაროდ, კონფლიქტს, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა, ჯერჯერობით დასასრული არ უჩანს.

საქართველოს ლიბიამდე 2963 საჰაერო  კილომეტრი აშორებს, თუმცა ეს დისტანცია უმნიშვნელოა იმის ფონზე, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებულ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზე იქ არსებული ვითარება პირდაპირ გავლენას ახდენს და რუსეთიც, როგორც წესი, არაა გულგრილი დაპირისპირებულ მხარეებს შორის ურთიერთობა „დაარეგულიროს“.

 

როგორც ჩანს, ლიბიაში რვა წლის წინ  დაწყებული სამოქალაქო დაპირისპირება, რომლის მსვლელობისას მოკლულ იქნა ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი, ახალ ფაზაში შედის. ამ ხნის განმავლობაში, ქვეყანაში მართვის ორი ცენტრი ჩამოყალიბდა: აღმოსავლეთით ტობრუკი და დასავლეთით – ტრიპოლი, სადაც ეროვნული თანხმობის მთავრობაა დისლოცირებული.  ამათგან, ტრიპოლის მთავრობა, სავარაუდოდ, გაეროს მხარდაჭერით სარგებლობს და გაეროს ძალისხმევით, ამა წლის აპრილში დაგეგმილი იყო ლიბიის ეროვნული კონფერენციის ჩატარება. კონფერენციის მხარდასაჭერად ტრიპოლიში ანტონიუ გუტიერეში ჩავიდა. თუმცა, მოულოდნელად, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც ფელდმარშალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ტრიპოლიში ანტონიუ გუტიერეშის ჩასვლისთანავე გააქტიურდა და დედაქალაქისაკენ დაიძრა.

საინტერესოა თავად ფელდმარშალის ფიგურა –  ლიბიაში ის 2011 წელს ბრუნდება აშშ-ში ოცწლიანი ემიგრაციის შემდეგ და სათავეში ანტიკადაფისტური მოძრაობის სამხედრო ფრთას უდგება. ის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და ნაბრძოლ მეთაურად ითვლება: ჯერ კიდევ ბენგაზის სამხედრო აკადემიის კადეტი, 1969 წელს ის  უერთდება კადაფის სამხედრო გადატრიალებას და მისი რჩეული ოფიცრის რეპუტაციითაც სარგებლობს. ბრძოლები სინის ნახევარკუნძულზე, ჩადის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანია – ყველაფერი ეს ზრდის მის სამხედრო ავტორიტეტს. თუმცა ჩადიდან მისი და კადაფის გზები იყრება: ერთ-ერთი ოპერაციის შემდეგ ის ტყვედ აჰყავთ და კადაფი უარს აცხადებს მასზე. ხალიფა ჰაფტარი ჩადის ციხეში რჩება. აქედან ის უკავშირდება ჩადში მყოფ ანტიკადაფისტთა მოძრაობას, მალევე ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს და სახელმწიფო გადატრიალებისთვის იწყებს მზადებას. ბუნებრივია, მისით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ინტერესდება და საბოლოოდ ის ვირჯინიაში აღმოჩნდება.  2011-ში ის მალევე აღწევს ხალხის მხარდაჭერას. მან შეძლო ძალების შემოკრება და ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში (ნავთობით მდიდარი რეგიონი) გავლენის მოპოვება. ის რადიკალურად ილაშქრებს ისლამისტთა მომძლავრების წინააღმდეგ. ლიბიელებისთვის ხალიფა ჰაფტარი „მონატრებული“ წესრიგის ერთგვარ სიმბოლოდაც აღიქმება.

ჰაფტარმა სწრაფად შეძლო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის ღარიანის დაკავება და ტრიპოლის აეროპორტის კონტროლის ქვეშ აღება.  არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2018 წლის ნოემბერში, მოსკოვში ის ხვდება შოიგუს.

 

 

 

შეხვედრის დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ოფიციალურად გავრცელებულ ვიდეოში, შეხვედრაზე მყოფ პირთა შორის, ჟურნალისტებმა ამოიცნეს ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი, რომელსაც ე.წ. „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კამპანიის მფლობელად მოიხსენიებენ. აშშ-ში ოცწლიანი ემიგრაციის და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან თანამშრომლობის შემდეგ, მოსკოვში ჰაფტარის ვიზიტი შესაძლოა უცნაურადაც გამოიყურება, თუმცა უცნაური ამაში არაფერია, თუ კი მისი ბიოგრაფიის კიდევ ერთ დეტალს გავიხსენებთ: 1977-1978 წლებში მან, მაშინდელ საბჭოთა კავშირში, დაამთავრა უმაღლეს ოფიცერთა კურსები „ვისტრელი“, ხოლო 1983 წელს იყო ფრუნზეს აკადემიის მსმენელი. მეტიც, როგორც მისი თაობის ბევრი არაბი ოფიცერი, ჰაფტარი ფლობს რუსულს. ასე რომ შოიგუსთან მას საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებოდა. როგორცა ჩანს, ჰაფტარმა კიდევ ერთხელ შეიცვალა მოკავშირე. ამ ფონზე, შემთხვევითი არ უნდა იყოს „დეილი ტელეგრაფის“ ცნობა, რომ ლიბიის ეროვნული არმიის რიგებში ასობით რუსი დაქირავებული მონაწილეობს. ბუნებრივია ლავროვის უწყების კომენტარი, რომ ასეთ ინფორმაციას არ ფლობენ:  ეს არც უარყოფაა და არ დადასტურება.  ბოლო (თუმცა, წინააღმდეგობრივი) მონაცემებით, ტრიპოლის ძალებმა შეძლეს კონტრიერიშის განხორციელება და შეტევის შეფერხება. მხარეებმა ავიადარტყმებიც გაცვალეს. აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და არაბთა გაერთიანებულმა ემირატებმა ერთობლივ განცხადებაში კონფლიქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვეს. ბრიტანეთის მოთხოვნით საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე გადის, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართება. დღეს ძნელი სათქმელია, შეძლებენ თუ არა დიპლომატები კონფლიქტის შეჩერებას, რომელსაც შეუძლია ლიბია ისევ ქაოსში  ჩაძიროს. ყველაზე უსიამოვნო ამ ისტორიაში „ვაგნერის“ დაქირავებულთა გამოჩენაა. რას აძლევს ლიბიის დაპირისპირებაში ჩარევა რუსეთს? ამას, რა თქმა უნდა, დრო გაცემს პასუხს. არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის გენერალურ შტაბში ვიღაც იმ შესაძლებლობასაც თვლიდეს, რომ ჩნდება ხმელთაშუა ზღვაში, ტარტუსის(სირია) გარდა, კიდევ ერთი საზღვაო ბაზის ფორმირების შანსი, რაც საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა ნატოს-თვის.

 

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.

დატოვე კომენტარი