„ლელოს“ განცხადებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ხელისუფლება „საპენსიო ფონდში“ დაგროვილი თანხის ანაკლიაში ინვესტირებას გეგმავს. – განცხადება ამის შესახებ პარტიის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. „ლელო – საქართველოსთვის“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, არ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა არ ჩამოშალოს. კუპრაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული ცვლილებით, საპენსიო ფონდის სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოებს მმართველობითი საბჭო ჩაანაცვლებს, საბჭოს წევრებს კი სპეციალურად შექმნილი კომისია აირჩევს, რომელშიც შვიდი წევრიდან სამი მინისტრი, სამი პარლამენტარი და ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილი წევრი იქნება. კუპრაძის თქმით, ასეთ საბჭოს საზოგადოების ვერანაირი ნდობა ვერ ექნება.