გალში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სხეულზე საეჭვო დაზიანებებია აღმოჩენილი. ასეთია ცხედრის წინასწარი დათვალიერების შედეგი. ორ კვირაში, ანუ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი, რა ვითარებაში მიიღო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვემ ეს დაზიანებები და გახდა თუ არა ის გარდაცვალებამდე არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი.
დეფაქტო ხელისუფლების ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ ყველა მხარე ეჭვქვეშ აყენებს. გალის სამხედრო ბაზაზე მომხდარი ფაქტის შესახებ უკვე ინფორმირებულია საერთაშორისო ორგანიზაციები.
ქვეყნის პირველი დიპლომატი ახლა სოხუმიდან ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დაბრუნებას ელოდება, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში სწორედ კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებების დასადგენად არის ჩასული.
გალში დაკავებული და საათ-ნახევარში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის შემდეგ ოპოზიცია „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ გაფართოებას ითხოვს.