კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისთვის, კომპენსაციის მიმღებ პირთა რეგისტრაცია დღეიდან იწყება და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა უნდა გახსნილიყო, თუმცა გვერდი ხარვეზებით მუშაობს. სამინისტროს ინფორმაციით, ამის მიზეზი ვიზიტორთა სიმრავლეა.
თვითდასაქმებულებს ერთჯერადად 300-ლარიანი კომპენსაცია დაერიცხებათ, განაცხადის შევსების ვადა პირველ ივლისამდეა. რეგისტრირებული თვითდასაქმებულები მხოლოდ პირად მონაცემებს ავსებენ, მათი შემოსავლების დადასტურება კი გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მოხდება. სხვა შემთხვევაში, მოქალაქეს პირად მონაცემებთან ერთად, დამატებითი დოკუმენტის წარდგენაც მოუწევთ, რაც შეიძლება იყო საბანკო ამონაწერი, ასევე შესყიდვის ან მიღება-ჩაბარების აქტი. დამატებითი ინფორმაციის მიღება პირს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 05.
განაცხადს განიხილავს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში არსებული სამუშაო ჯგუფი და გადაწყვეტილებას იღებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია. კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.