კობი-გუდაურის გზაზე, ჟინვალთან ისევ ავტომობილების გრძელი კოლონა დგას. უკვე მეოთხე დღეა, ზვავსაშიშროებისა და თოვლის გამო, გზა ჩაკეტილია.
მსუბუქი და სატვირთო მანქანები გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჟინვალთან ჩარჩენილი მგზავრები დღეს საკვებით მოამარაგეს, თუმცა მძღოლებს სხვა პრობლემაც აქვთ და ამბობენ, რომ საწვავი თითქმის სრულად ამოეწურათ.
ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, როდის მოხერხდება გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება. ადგილზე სპეციალური ტექნიკა უკვე მობილიზებულია, თუმცა გზების დეპარტამენტი სამუშაოების დასაწყებად ნებართვას გარემოს ეროვნული სააგენტოსაგან ელოდება.