ვითარება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე

კობი-გუდაურის მონაკვეთზე ისევ რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობაა, რის გამოც, გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო, ჯვრის უღელტეხილის ეს ნაწილი 11 იანვრიდან ჩაკეტილია. 100-მდე პირს, რომლებიც გზაზე ჩარჩნენ, დახმარება უკვე გაეწიათ. ყაზბეგის მერის ინფორმაციით, მათ საკვები პროდუქტები გადასცეს. ნაწილი კი სასტუმროებში გადაიყვანეს. ამასთან, რამდენიმე წუთის წინ, სათხილამურო კურორტ გუდაურის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მხოლოდ მგზავრთა ტრანსპორტირების მიზნით, გუდაური-კობის დამაკავშირებელი საბაგიროები ჩაირთო. საბაგიროების ამოქმედებას, აქამდე ძლიერი ქარი უშლიდა ხელს.