ხულოში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა. დაღუპვის მიზეზი, სავარაუდოდ, პნევმონია გახდა. თუმცა, დიაგნოზი ჯერ დაზუსტებული არ არის. შემთხვევა გუშინ ხულოს ჰოსპიტალში დაფიქსირდა. საავადმყოფოს მენეჯერის ინფორმაციით, გოგონა კლინიკაში დღის პირველ ნახევარში სუნთქვის უკმარისობით შეიყვანეს. პაციენტის რენტგენოგრაფიის შემდეგ კი რეანომობილი გამოიძახეს, თუმცა, სამედიცინო ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.
შემთხვევის შემდეგ, პრევენციის მიზნით, საავადმყოფოში გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებიც მიიყვანეს, მათ შორის ექვსი ბავშვი, ისინი გამოკვლევისთვის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, ამ დროისთვის აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მათი მდგომარეობა სტაბილურია და აღენიშნებათ ვირუსის მხოლოდ მსუბუქი ფორმები.