დიდთოვლობა ხულოში. რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი შეიქმნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მისივე ცნობით, გზების გაწმენდითი სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
პროცესში 40 ერთეული ტექნიკაა ჩართული. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში ერთ მეტრს აჭარბებს, ხოლო დაბლობში ნახევარ მეტრზე მეტია. უხვი ნალექის გამო, შიდა სასოფლო გზებზე მოძრაობა ისევ შეზღუდულია, განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილებისთვის. უხვი ნალექის გამო, 20 საბავშვო ბაღიდან პროცესი არც ერთში არ მიმდინარეობს.
სასწავლო პროცესი შეწყდა ასევე 33 საჯარო სკოლაში. უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც, დღის განმავლობაში, ელექტროენერგია 2 000-მდე აბონენტს არ მიეწოდებოდა. რეგიონის ხელმძღვანელი დღესვე „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადგილზე არსებულ დაზიანებების აღმოფხვრაზე მუშაობენ. ამ დროისთვის ხულოში გამოიდარა.