ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას განათლების მინისტრის მოადგილე და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტს დღეს განათლების მინისტრის მოადგილე და პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურნენ. მარიამ ჯაშის განმარტებით, განათლებისა  და შინაგან საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა უკვე დაგეგმილია და უმრავლესობა მზად არის, მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დამატებითი ზომების მიღებაზე იმსჯელოს.

აქტიური საინფორმაციო კამპანია და სკოლების შიდა და გარე პერიმეტრზე მონიტორინგის გაძლიერება იქნება, ლია გიგაურის თქმით, პირველი, რასაც პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრო განახორციელებს.

არასრულწლოვნებს შორის ჩხუბი გუშინ მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაჭრეს ერთი მოსწავლე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი, მეორე კი  მიყენებული ჭრილობის შედეგად, კლინიკაში მიყვანამდე, გარდაიცვალა. გამოძიება 108, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.