ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც სხდომაზე მისულმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ხატია დეკანოიძემ და გიორგი ბოტკოველმა დღის წესრიგში განსახილველად ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის რეანომობილის შეძენის საკითხის ჩასმა მოითხოვეს. იმის გამო, რომ საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციას სხდომაზე განსახილველად წინასწარ არ ჰქონდა წარდგენილი, საკრებულოს სხდომის ბოლოს განიხილეს. დეკანოიძის თქმით, ყვარლის ჰოსპიტალს არ აქვს რეანიმაცია და არ ჰყავს რეანომობილი, ექიმებს პაციენტების გადაყვანა თელავში უწევთ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს და ზოგჯერ პაციენტის გარდაცვალებით სრულდება. მისი განცხადებით, მისი ბიძაც ამ მიზეზით გარდაიცვალა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების გაღიზიანება „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პასუხმა გამოიწვია, რომელმაც თქვა, რომ დეკანოიძის ბიძის გარდაცვალების მიზეზი არა შეუსაბამო პირობები, არამედ სტენტირების ოპერაციისთვის მის მიერ დაგვიანებული მიმართვა გახდა.