მზადება შუალედური არჩევნებისთვის

ბათუმი, რუსთავი, გარდაბანი – ხვალ პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება.

ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს. ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები უპირისპირდებიან. ხვალინდელ კენჭისყრას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან სწორედ ამ არჩევნების შედეგზეა დამოკიდებული, ვინ მოიპოვებს ბათუმის თვითმმართველ ორგანოში უმრავლესობას. ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქალაქის საკრებულოში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო ხმები ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მიიღო. მმართველი გუნდი ხვალინდელ არჩევნებზე პროვოკაციებს ელოდება და ოპონენტებს აფრთხილებს.