კიდევ ერთი სადავო კვლევა საქართველოს პირველი არხის შესახებ.
საზოგადოებრივი განწყობების დასადგენად ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და „ინთერნეიშენალ აიდიიეის“ დაკვეთით, ახალი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩატარდა, რომლის ერთი ნაწილი საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგს ეხება.
რამდენად ხშირად უყურებთ საქართველოს პირველ არხს და როგორ აფასებთ მისი მხრიდან მაუწყებლის ფუნქციების შესრულებას – ეს კითხვები კვლევის ავტორებმა 1 786 მოქალაქეს დაუსვეს. თუ გამოკითხვას დავეყრდნობით, გამოკითხულთა 47 % პირველ არხს არ უყურებს, 53 % კი – მეტ-ნაკლებად. თუმცა საინტერესოა ის, რომ მაუწყებლის ფუნქციების შეფასება იმ რესპონდენტებსაც სთხოვეს, რომლებიც ამავე კვლევის მიხედვით არ გვიყურებენ. ანუ ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ პირველი არხის მაყურებლები არ არიან, მაინც აფასებენ, თუ რამდენად გამოხატავს ტელევიზია ყველა ჯგუფის ინტერესებს, რამდენად ხშირად აშუქებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რელიგიურ თუ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს, რამდენად კრიტიკულია მთავრობის მიმართ და ა. შ.
ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის ავტორებს, განმარტებების გაკეთება ნოდარ ჩაჩუამ სთხოვა, რომელსაც კვლევის დამკვეთმა „არაადეკვატური“ უწოდა.