ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს დღეს მერილენდის შტატის ქალაქ ანაპოლისში, იმ სამხედრო-საზღვაო აკადემიის ტერიტორიაზე დაკრძალავენ, რომელიც მან 1958 წელს დაამთავრა. მაკკეინს მისი საუკეთესო მეგობრის, ადმირალ ჩაკ ლარსონის გვერდით დაასაფლავებენ.
ჯონ მაკკეინის ოჯახის წევრების თხოვნით, საზოგადოებისა და მედიისთვის ცერემონიალი დახურული იქნება. მანამდე კი ჯონ მაკკინს ვაშინგტონში, საკათედრო ტაძარში ემშვიდობებოდნენ.
ტაძარში იმყოფებოდნენ მისი ქვრივი, შვილები და 106 წლის დედა.
ღონისძიებას დაესწრნენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, სხვადასხვა დარგის მოღვაწეები, სასულიერო პირები მთელი მსოფლიოდან.
მსახურებაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყვნენ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები – ბარაკ ობამა და ჯორჯ ბუში უმცროსი.
მაკკეინის უკანასკნელი სურვილის გათვალისწინებით, დაკრძალვის ცერემონიას არ ესწრებოდა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
გამოსამშვიდობებელი მსახურება წმინდა პეტრესა და პავლეს საკათედრო ტაძარში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ცერემონიალზე დასასწრებად შეერთებულ შტატებში ჩავიდნენ სხვადსხვა ქვეყნის ლიდერები და დელეგაციები. ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში, სენატორის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად იმყოფებოდა ოფიციალური დელეგაცია საქართველოდანაც. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე.