დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა – საქართველოში 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებენ. რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის თავმჯდომარე და მიწვეული სტუმრები იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.
გმირი ქართველი ახალგაზრდების ხსოვნას პატივი დღეს საქართველოს პარლამენტის შენობაში და იუნკერთა ხსოვნის მემორიალთნ მიაგეს. 23 თებერვალთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პრემიერ-მინისტრის წერილიც.