25 თებერვალი - საბჭოთა ოკუპაციის დღე

დღეს 25 თებერვალია. საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, როდესაც თბილისი რუსულმა მე-11 წითელმა არმიამ დაიკავა და საქართველო საბჭოთა იმპერიის ნაწილად იქცა. ხუთკვირიანი ბრძოლისა და გმირული თავგანწირვის მიუხედავად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა. დამოუკიდებლობის დაკარგვას მოჰყვა სასტიკი რეპრესიები, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, ათასობით ადამიანის დახვრეტა, ხანგრძლივი პატიმრობა და გადასახლება. 25 თებერვალს დაწყებულმა საბჭოთა ოკუპაციამ სამოცდაათი წელი გასტანა. საუკუნის წინანდელი ტრაგიკული მოვლენების ეპიცენტრი, კოჯრის და ტაბახმელას მისადგომები იყო – ადგილი, სადაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობდა. სწორედ კოჯორში შეიკრიბნენ დღეს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებმაც იუნკერთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.