ოკუპირებული გალის რაიონში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ 29 წლის ირაკლი კვარაცხელიას დღეს სენაკში დაკრძალავენ.
სენაკის საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. დაკრძალვის ცერემონიალი კი 2 საათზე გაიმართება. ირაკლი კვარაცხელია 10 მარტს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.
დაკავებიდან დაახლოებით საათნახევრის შემდეგ კი განაცხადეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი ცხედარი საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას 13 მარტს ენგურის ხიდზე გადასცეს.
ცხედარს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა ექსპერტიზა. საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას, ირაკლი კვარაცხელიას თვითმკვლელობის შესახებ, დაღუპულის ოჯახის წევრები და ახლობლები არ ეთანხმებიან.