2013 წლიდან რუსეთის მიერ ძებნილი რუსი ჰაკერის საქმე საქართველოში მწვავე პოლიტიკური ურთიერბრალდებების თემა ხდება.
ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ დაუშვა ხელისუფლებამ იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება. ადვოკატებთან ერთად ოპოზიის ნაწილიც დარწმუნებულია, რომ რამდენიმე გახმაურებული საქმის ფიგურანტი რუსეთის ციხეში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება.
ბრალდებას იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას უპირისპირებს, რომლითაც სასამართლომ ექსტრადიციის შეჩერებაზე უარი თქვა.
სუმბაევი, რომელიც რუსი გამომძიებლის, შიშკინას მკვლელობის საქმეში ფიგურირებს, ქართველმა სამართალდამცავებმა შარშან საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს და მას შემდეგ ის წინასაექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფებოდა. ბრალდებულის რუსეთისთვის გადაცემა მოულოდნელი აღმოჩნდა პროკურორისა და მოსამართლისთვის, რომლებიც დღეს სუმბაევის საქმის განხილვას გეგმავდნენ.