დავით ჭაკუას საქმე

დავით ჭაკუას ექსტრადირების შემდეგ, ციხის ბუნტისა და ე.წ. ციხის კადრების საქმეებზე, შესაძლოა, ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს. ამას არ გამორიცხავს არც იუსტიციის მინისტრი და არც იმ საქმეების პროკურორი, რომელთა საფუძველზეც გერმანიიდან ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით ჭაკუას ექსტრადირება მოხდა.

„მოამბესთან“ ინტერვიუში თეა წულუკიანმა დღეს ექსტრადირების დეტალებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჭაკუა გერმანიაში მარტში დააკავეს და საექსტრადიციო პატიმრობის ვადა მას 22 ივლისს ეწურებოდა. „კოვიდ-19“-ის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა ექსტრადირება, რომ არა გერმანიის იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული დახმარება.

ციხის ბუნტის საქმეზე დავით ჭაკუას სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა აქვს მისჯილი, პატიმრობის ვადის ათვლა გუშინ დაიწყო. მას საქართველოში ექსტრადირების შემდეგ, განაჩენის გასაჩივრების უფლება აქვს.