ჰელიოსფერო არის რეგიონი მზის სისტემის გარშემო, რომელიც ამოვსებულია მზის მაგნიტური ველით და მზის ქარის პროტონებითა და ელექტრონებით.
ჰელიოსფეროში მზის მაგნიტურ ველს დიპოლური სტრუქტურა აქვს. მაგნიტური ველის ხაზები, რომლებიც მზის ქარს მზისგან გარე მიმართულებით მიაქვს, მზის ზედაპირზე მიბმული რჩება. მზის ბრუნვის გამო, ეს ხაზები სპირალურ სტრუქტურას იღებს. ერთ ნახევარსფეროში მაგნიტური ველის ხაზები შიდა მხარეს მიემართება, მეორე ნახევარსფეროში კი გარე მიმართულებით. ამ ორ ნახევარსფეროს შორის მოქცეულია სტრუქტურა, რომელსაც ჰელიოსფერული დინების ფირფიტას უწოდებენ.
მზის სისტემიდან მზის ქარი ვარსკვლავთშორისი სივრცისკენ საათში მილიონობით კილომეტრი სიჩქარით მიემართება, თანდათან ნელდება და ბოლოს საერთოდ ჩერდება. წერტილი, სადაც მზის ქარი ნელდება, ტერმინალურ შოკს უწოდებენ. მის იქით არსებულ რეგიონს კი, სადაც მზის ქარი ნელა მოძრაობს, ჰელიოგარსი ეწოდება. ამ რეგიონში ნეიტრალურ ატომებს უკან, მზის სისტემისკენ აბრუნებს ვარსკვლავთშორისი სივრცის მაგნიტური ველი. ჰელიოგარსის გარე საზღვარია ჰელიოპაუზა, სადაც მზის ქარის გარეთ მიმართული წნევა ვარსკვლავთშორისი სივრცის შიგნით მომავალ წნევასთან არის ბალანსში. ჰელიოპაუზა მზის სისტემის საზღვრად მიიჩნევა და ის მზისგან 123 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. ერთი ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის.
ჰელიოსფეროს დაახლოებით კომეტის ფორმა აქვს, ანუ ერთ მხარეს თითქმის სფერულია, მეორე, საპირისპირო მხარეს კი გრძლად იჭიმება, რასაც ჰელიოკუდს უწოდებენ.
ჰელიოსფეროს გარე მისადგომები შეისწავლეს ნასას ხომალდებმა, ვოიაჯერ-ერთმა და ვოიაჯერ-ორმა, რომლებმაც მზის სისტემა უკვე დატოვეს და ამჟამად ვარსკვლავთშორის სივრცეს მიაპობენ.