გრავიტაცია #კოსმოსი

გრავიტაცია არის ძალა, რომლითაც პლანეტა ან სხვა სხეული ობიექტს საკუთარი ცენტრისკენ იზიდავს. გრავიტაციის ძალა ინარჩუნებს ყველა პლანეტას მზის გარშემო ორბიტაზე.

რატომ ეშვებით შეხტომისას კვლავ დაბლა, დედამიწაზე და რატომ არ მიფრინავთ კოსმოსში? რატომ ცვივა საგნები დაბლა, როდესაც მათ ისვრით? პასუხი გრავიტაციაა — უხილავი ძალა, რომელიც ობიექტებს ერთმანეთისკენ იზიდავს. დედამიწის გრავიტაცია გინარჩუნებთ თქვენ მიწაზე და აგდებს საგნებს დაბლა.

ყველაფერს, რასაც მასა აქვს, აქვს გრავიტაციაც. უფრო მეტი მასის მქონე ობიექტებს უფრო დიდი გრავიტაცია აქვთ. მანძილის ზრდასთან ერთად, გრავიტაცია სუსტდება. შესაბამისად, რაც უფრო ახლოს არის ობიექტები ერთმანეთთან, მით უფრო ძლიერია მათი გრავიტაციული მიზიდვა.

დედამიწის გრავიტაციას მთელი მისი მასა წარმოქმნის. სწორედ ეს გრავიტაცია გვაძლევს ჩვენ მასას. თუ ისეთ პლანეტაზე აღმოჩნდებით, რომელსაც დედამიწაზე ნაკლები მასა აქვს, უფრო ნაკლებს აიწონით, ვიდრე აქ.

დედამიწაზე გრავიტაციული ძალით თქვენც მოქმედებთ, მაგრამ რადგან ჩვენი პლანეტის მასა გაცილებით დიდია, ვიდრე თქვენი, თქვენი გრავიტაციული ძალა დედამიწაზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს.

გრავიტაცია ინარჩუნებს მთვარეს დედამიწის გარშემო ორბიტაზე. მთვარის გრავიტაციული ძალა ზღვებს მისკენ იზიდავს და იწვევს ოკეანის მოქცევა-მიქცევებს. გრავიტაცია წარმოქმნის ვარსკვლავებსა და პლანეტებსაც, რადგან ერთად უყრის თავს იმ მატერიას, რომლისგანაც ისინი შედგებიან.

გრავიტაცია არა მხოლოდ მასას, არამედ სინათლესაც კი იზიდავს. ეს პრინციპი ალბერტ აინშტაინმა აღმოაჩინა. შავ ხვრელებში იმდენი მასაა თავმოყრილი, რომ მათი გრავიტაციისგან გაქცევა არაფერს ძალუძს, მათ შორის არც სინათლეს.