მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე სამაშველო ოპერაცია დაასრულეს – თოვლიდან ამოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. ოპერაციაში ჩართულები იყვნენ განსაკუთრებულ საქმეებზე სწრაფი რეაგირების ბაზის მეხანძრე-მაშველები და კინოლოგები. ასევე, ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩაერთო ვერტმფრენიც.
რაც შეეხება სამ გადარჩენილს, ისინი ამ დრომდე ოზურგეთის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. ექიმების შეფასებით, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი ინტენსიური დაკვირვების ქვეშ რჩებიან.
შემთხვევა 12 მარტს მოხდა, როდესაც 112-ში გომისმთიდან შევიდა შეტყობინება, რომ სამი მოქალაქე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, გზას ვეღარ აგრძელებდა, ერთი მოქალაქე კი გაყინული იყო. ათსაათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა სამი მოქალაქის გადარჩენა შეძლეს.