ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმე პრაქტიკულად გახსნილად ცხადდება.
პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომმა ხუთმა პირმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი მდინარე არაგვში გადააგდო. თუ გამოძიებას დავეყრდნობით, დანაშაულის ჩადენის ადგილი მდინარის ნაპირია, სადაც 19 წლის ფეხბურთელი ხევში ჩამავალი საფეხმავლო ბილიკით ჩავიდა. როგორც ირკვევა, შაქარაშვილს სამი თავდამსხმელი მისდევდა, ორმა კი გზა მეორე მხრიდან მოუჭრა. უპასუხოდ რჩება შეკითხვა, წყალში გადაგდების დროს სპორტსმენი გონზე, თუ უგონო მდგომარეობაში იყო. დასადგენია ჩანთის დეტალიც. სწორედ მასზე მიმდინარე ექსპერტიზამ უნდა გაარკვიოს, ვისი კვალი არსებობს ჩანთაზე, რომელიც არაგვის ხიდის საყრდენ ბურჯზე იპოვეს. ბრალის დამძიმების შემდეგ ხუთივე პირის ადვოკატებს გამოძიებასთან პრეტენზიები აქვთ და აინტერესებთ, რატომ არ დაელოდა პროკურატურა ჯერ ისევ მიმდინარე ექსპერტიზების დასკვნებს.