გიორგი სანაიას ოჯახი, მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებას ითხოვს
გამოძიების დაწყებას ითხოვს ჟურნალისტ გიორგი სანაიას ოჯახი მსჯავრდებულ კოტე ციხისთავის განცხადებებთან დაკავშირებით. პროკურატურას ოჯახი ოფიციალურად, სავარაუდოდ, მომავალ კვირას მიმართავს. ვახო სანაია ამბობს რომ, ყოფილი პანკისური დაჯგუფების წევრი კოტე ციხისთავი სატელევიზიო ეთერისას ასახელებდა ხელისუფლების ყოფილ მაღალჩინოსნებს და კონკრეტულ პირებს, რომელთაც მკვლელობის საქმესთან შემხებლობა აქვთ.
დღეს გიორგი სანაიას საფლავთან მისი ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. სანაიას დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა. ჟურნალისტი 2001 წელს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიებასთან დაკავშირებით და მკვლელობის მოტივებზე სანაიას ოჯახს დღემდე კითხვები აქვს.