ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეზე ბრალდებული სამი პირი კვლავ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა ბრალდებულების, გიორგი სახელაშვილისა და სულიკო საყევარიშვილს თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს და 2 300 ხელმოწერა წარმოადგინეს. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდებულ გიორგი სახელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში დამძიმდება. თუმცა მოსამართლემ   ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.  მომდევნო პროცესზე მხარეები საქმეში არსებულ მტკიცებულებებს წარმოადგენენ. პროცესის დაწყებამდე კი, ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში. სიტყვიერი დაპირისპირება ეზოში გია გაჩეჩილაძის გამოჩენას მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა გაჩეჩილაძის მისამართით განაცხადა, რომ ის ყოველთვის მოძალადეების მხარეს არის. გია გაჩეჩილაძემ კი მას პროვოკატორი უწოდა. შეგახსენებთ, რომ  მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებლებმა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბრალდებულების თავდებით გათავისუფლება მოითხოვეს. სამართალდამცავებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.