ბერლინის სასამართლოში სანდრა რულოვსს ელოდებიან. საერთაშორისო დონეზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მეუღლის გამოკითხვა სურთ. საუბარია 2019 წლის აგვისტოში, გერმანიის დედაქალაქში მოკლულ ზელიმხან ხანგოშვილზე, რომელსაც ზუსტად მკვლელობის დღეს რულოვსთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. პანკისის მკვიდრის საქმის ძიება ფინალურ ეტაპზეა და ახლა მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს. უცნობია, ჩავა თუ არა რულოვსი ბერლინში, მანამდე კი მოკლულის ძმა ზელიმხანსა და რულოვსს შორის ურთიერთობის დეტალებზე და მკვლელობის დღეს დაგეგმილი შეხვედრის მიზეზებზე ჰყვება. ამავე თემაზე და ხანგოშვილზე, რომლის გვარი 2012 წლის ლაფანყურის სპეცოპერაციაშიც ფიგურირებს, დღეს „მოამბეს“ გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტიც ესაუბრა.
გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მუშაობს #მოამბესთან საქმის დეტალებს იხსენებს და ყვება, რომ სიკვდილამდე ხანგოშვილი სანდრა რულოვსთან შესახვედრად აქტიურად ემზადებოდა და საქართველოს ყოფილ პირველ ლედის სასტუმროს ნომერიც კი დაუჯავშნა. ჟურნალისტის ინფორმაციით, ეს ფაქტი რულოვსისა და ხანგოშვილის მიმოწერიდან დასტურდება. ზელიმხან ხანგოშვილის მკველელობის საქმეზე სანდრა რულოვსის მოსალოდნელი დაკითხვის თაობაზე, ინფორმაცია „დოიჩე ველეს“ რუსულენოვანმა სამსახურმა გუშინ გაავრცელა. სააგენტო წერდა იმასაც, რომ სააკაშვილის მეუღლე გამომძიებლებმა ტელეფონით ერთხელ უკვე დაკითხეს.