ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

გამოცემა „ბილდმა“ იმ რუსი დიპლომატის ვინაობა დაადგინა, რომელიც გერმანიის მთავრობამ ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემდეგ, გერმანიიდან გააძევეს ევგენი სუცკი, რომელიც ორი წლის განმავლობაში გერმანიაში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს მოადგილედ მუშაობდა. „ბილდი“ წერს, რომ გერმანული სპეცსამსახურები სუცკის 2019 წლის ივლისიდან უთვალთვალებდნენ. მათივე ცნობით, სუცკის გერმანელი პოლიტიკოსების გადაბირება ევალებოდა, რომლებიც რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ინტერესებს დაიცავდნენ. გერმანელი ჟურნალისტების ცნობით, სუცკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომელი იყო.

გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი 4 დეკემბერს გააძევა. ამის მიზეზად 23 აგვისტოს ბერლინში, საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დაასახელეს. გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ აღნიშნულ მკვლელობასთან რუსეთის ხელისუფლებაა დაკავშირებული.