დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მონაწილეობდნენ პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით. სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების „მწვანე ჯილდო“ თბილისის N126 საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელმა ნინო ბარბაქაძე-კახნიაშვილმა მოიპოვა, ხოლო „მწვანე ჯილდო“ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალისა და ვარხანის საჯარო სკოლების ბუნებისმეტყველებისა და ბიოლოგიის მასწავლებელმა ნინო კაჭკაჭიშვილმა. ღონისძიებას 170-მდე სტუმარი, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.