ამერიკის ელჩი ბორჯომ-ხარაგაულის პარკს ესტუმრა

აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს ესტუმრა და საქართველოს დაცული ტერიტორიების მართვის სპეციფიკასა და რეინჯერთა საქმიანობას გაეცნო. ელჩს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ უმასპინძლა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა სამომავლო ინიციატივებზე, მათ შორის, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების საკითხებზე იმსჯელეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და დაცული ტერიტორიების სააგენტო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მრავალი წელია თანამშრომლობს. USAID-ის მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა პროექტებს როგორც უნიკალური ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის, ასევე, ეკოტურიზმის განვითარებისა და დაცული ტერიტორიების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებებით. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ამერიკის სატყეო სამსახურთან თანამშრომლეობის შედეგად, შემუშავდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხანძრების მართვის გეგმის სამუშაო ვერსია.