გორში, სამების ეკლესიასთან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების შვილებმა გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ თავდაცვის მინისტრთან და გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად მებრძოლების სახელზე სიმბოლურად 169 ნუშის ნერგი დარგეს. ამის შემდეგ მათ გორის სამების ეკლესიაში გადაინაცვლეს, სადაც მოზარდებმა პატივი მიაგეს მამებისა და მათი თანამებრძოლების ხსოვნას.
თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ტერიტორიაზე მემორიალი განთავსდა, სამომავლოდ კი რეგიონულ მმართველობასთან თანამშრომლობით, მცირე მასშტაბის სკვერის მოწყობაც იგეგმება.
გამწვანების აქცია თავდაცვის სამინისტროს ინიციატივაა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. გამწვანების აქციისთვის ფერმერმა გიორგი მჭედლიძემ სოფელ ზემო ნიქოზიდან 169 ნუშის ნერგი გმირების ოჯახის წევრებს უსასყიდლოდ გადასცა.