მაისის აქციების დროს დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილი აცხადებს, რომ დემონსტრაციაზე მას გიორგი ვაშაძე დანაშაულის ჩადენისაკენ აქეზებდა და ჰპირდებოდა, რომ ამის შემდეგ მას დაეხმარებოდა. თუმცა მისივე თქმით, 5 თვის განმავლობაში პოლიტიკოსს პირობა არ შეუსრულებია. ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც აქციაზე დააკავეს, 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „დაკვეთით მოქმედებდა”. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძე ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი შემხებლობა ფრიდონ ბუბუტეიშვილთან არ ჰქონია. პროკურატურა ბუბუტეიშვილს პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებას ედავება, რამაც 500 ლარის ზიანი გამოიწვია. ასევე, მეხანძრე-მაშველისთვის ქვის სროლას, რომელიც მას მარცხენა მხარში მოხვდა. ბუბუტეიშვილისთვის წარდგენილი ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ფრიდონ ბუბუტეიშვილის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკოსების მხრიდან.