აქციაზე დაკავებულების საქმის განხილვა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლო 20 ივნისის აქციაზე დაკავებული პირის, დავით ხვადაგიანის და სხვა პირების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განიხილავს.

22 ივნისს პროცესები ადვოკატების შუამდგომლობების საფუძველზე გადაიდო. ერთ-ერთი გადადებული სასამართლო დავით ხვადაგიანის საქმეს ეხება. ძმები დავით და ირაკლი ხვადაგიანები სხვა პირებთან ერთად, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

ირაკლი ხვადაგიანს 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხრადღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ კი ის პატიმრობის მესამე დღეს გაათავისუფლა.

დღეს ირაკლი ხვადაგიანი მისი ძმის საქმეზე მოწმედ დაიკითხა. რაც შეეხება დავით ხვადაგიანს, ის კატეგორიულად უარყოფს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ხვადაგიანის ინტერესებს საია-ს იურისტი ლაშა ბექიშვილი იცავს. მის განცხადებით, საქმეზე მტკიცებულებები არ არსებობს და მოსამართლემ დავით ხვადაგიანის საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.