ბეილერის ფონდის მუზეუმის საგამოფენო სივრცე, 2023 წლის შემოდგომაზე, ფიროსმანის გამოფენას დაეთმობა. შეთანხმება ბეილერის ფონდსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის შედგა.
ბაზელში სამუშაო ვიზიტით კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკა ახალბედაშვილი იმყოფებოდნენ. ბეილერის ფონდი მზადაა, ფიროსმანის შემოქმედებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, ფიროსმანის პარალელურად, პიკასოს ნამუშევრების ექსპოზიციაც მოაწყოს.
ბეილერის ფონდი შვეიცარიის ყველაზე პოპულარული მუზეუმია, რომლის კოლექციებში მსოფლიოს 400-მდე ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარია დაცული. ბაზელში სამუშაო შეხვედრა იმ ფონდის ინიციატივით გაიმართა, რომელიც 2019-2020 წლებში ვენაში, ალბერტინის მუზეუმში ფიროსმანის გამოფენის მთავარი ორგანიზატორი იყო.